კვირის ფრაზები
მდიდრები და ღარიბები
„ჩელსის" თავკაცმა კარლო ანჩელოტიმ განაცხადა, რომ მისი გუნდი მდიდარიცაა
და ღარიბიც. რამდენადაც „დეილი მეილისთვის" გახდა ცნობილი, იტალიელმა
სპეციალისტმა ლონდონელთა ამ სეზონური წარუმატებლობა ოპტიმალური
შემადგენლობის არყოლას დააბრალა: „წარუმატებლობა, რასაკვირველია, იმის
ბრალია, რომ სეზონის მიმდინარეობისას არ გვყავდა ოპტიმალური შემადგენლობა.
ფრენკ ლემპარდი, დიდიე დროგბა, მაიკლ ესიენი, ჯონ ტერი, ალექსი – ეს იმ
ფეხბურთელთა სიაა, რომელთაც ტრავმება გუნდზე ცუდად იმოქმედა. ახლა ჩვენ
მდიდრებიც ვართ და ღარიბებიც: ურთულეს მომენტში ვიყიდეთ დავიდ ლუიზი,
რომელიც გუნდს ბრწყინვალედ შეეწყო და ძალიან გამოადგა. იგი უნიკალურია".
აპირებენ რაიმეს მოგებას?! „არსენალის"
ნახევარმცველმა და კაპიტანმა სესკ ფაბრეგასმა თავის უტიტულო ლონდონურ
კარიერაზე ილაპარაკა. „წადით ესპანეთში და უთხარით გვარდიოლას, მოურინიოს
ან ემერის, რომ ზედიზედ სამი წელიწადი ვერაფერს მოიგებენ – ეს ხომ
წარმოუდგენელია? – ამბობს სესკი „სანის" ჟურნალისტთან საუბრისას – ჩვენთან
კი სიტუაცია სხვაგვარადაა: გუნდში ბრწყინვალე სპეციალსტია, გვაქვს
განსაკუთრებული ფილოსოფია, ყოველთვის ვთამაშობთ ჩემპიონთა ლიგაში და ყოველ
სეზონში ბოლომდე ვიბრძვით ინგლისის ჩემპიონობისთვის, მაგრამ… თითქოს რაღაც
გვაკლია – ამ სეზონში კი გიჩნდება კითხვა: საერთოდ, აპირებს „არსენალი"
რაიმეს მოგებას?!".
არასდროს აგინო საკუთარ თავს! „ფიორენტინასთან"
(1:2) მოგებულ მატჩში „მილანის" თავდამსხმელი ზლატან იბრაჰიმოვიჩი მატჩის
მთავარმა არბიტრმა მოედნიდან გააძევა. მიზეზი: მსაჯს ეგონა, რომ
„იბრაკადაბრამ" მას შეაგინა, არადა, სიტუაცია სხვაგვარად იყო, რაშიც თავად
შვედი გაგვარკვევს: „რისთვის დამსაჯეს?! – საკუთარი თავის გინებისთვის! ეს
კი იმიტომ გავაკეთე, რომ ბურთი დავკარგე და საკუთარ თავს გავუბრაზდი, მეტი
არაფერი. აი, მითხარით, სად არის ლოგიკა? თუ ასეთ რამეზე სამმატჩიან
დისკვალიფიკაციას იძლევიან, მაშინ თამაშის წესის დარღვევისთვის ალბათ
სამუდამო სასჯელს მისცემენ მოთამაშეს".
კვირის სიმბოლური (4-4-2): ტომ შტარკე
(ჰოფენჰაიმი) – აცუტო უჩიდა (შალკე), მატს ჰუმელსი (დორტმუნდი), რიკარდო
კარვალიო (რეალი), ჯანლუკა ძამბროტა (მილანი) – კლარენს ზეედორფი
(მილანი), პეპე (რეალი), მარიო გიოტცე, კევინ გროსკროიტსი (ორივე
დორტმუნდი) – მარიო გომესი (ბაიერნი), ედუ (შალკე).
კვირის მატჩი კვირის მატჩზე „ნომინირებული"
საკმაოდაა: იგივე „არსენალი"-„ლივერპული". მატჩი, რომელიც 112-ე წუთამდე
გაგრძელდა. იგივე „ელ კლასიკო", სადაც ოთხ დღეში ორი თამაში ითამაშეს
„რეალმა" და „ბარსელონამ" ერთმანეთის წინააღმდეგ. პირველ მათგანში 1:1
დაფიქსირდა (ბერნაბეუზე), ხოლო კოპა დელ რეის თასის ფინალში (მესტალიაზე)
კი ჟოზე მოურინიოს დამოძღვრილმა „გალაქტიკოსმა" ხოსეპ გვარდიოლას
„ბლაუგრანას" კრიშტიანო რონალდოს გოლით 1:0 სძლია. კიდევ ერთი მატჩი,
რომელიც ჩვენს თვალთახედვის არეშია, „ტოტენჰემი"-„არსენალია", ლონდონური
დერბი, რომელიც როგორც ყოველთვის, სანახაობრივი გამოდის ხოლმე და
გამონაკლისი არც ოთხშაბათს „უაით ჰარტ ლეინზე" გამართული შეხვედრა იყო:
მატჩი 3:3 დასრულდა და ძალიან სანახაობრივი, დაძაბული და გოლებით აღსავსე
გამოდგა.
|