11.48.02 სამეფო თასზე „სამეფო გუნდი“ მეფობს | |
სამეფო თასზე „სამეფო გუნდი" მეფობს
123456789101112131415161718 თექვსმეტ და ოც აპრილს, „ბარსელონასა" და „რეალს" შორის გამართული დაპირისპირებების შემდეგ, შეიძლება ითქვას, რომ „კლასიკო" ჩვეულ კალაპოტს უბრუნდება - აღარაა მოსალოდნელი რომელიმე გუნდის მიერ 5:0, 6:2, 4:1 ან 3:0 მოგება, მხარეები მეტ-ნაკლებად თანაბარი ძალის არიან და შესაბამისად, გულშემატკივრებს ძალზე დაძაბული „კლასიკოების" ყურება უწევთ. 4 დღის წინათ გამართული დაპირისპირების მსგავსად, ოც აპრილსაც, „ბარსამ" და „რეალმა" გულშემატკივრებს თანაბარი თამაში შესთავაზეს. განსხვავება ის იყო, რომ ამჯერად საქმე კიდევ უფრო მნიშვნელოვან შეხვედრასთან გვქონდა. სადავო არავისთვისაა, რომ ლა ლიგა ესპანეთის თასზე მნიშვნელოვანი ტურნირია და დიდი ალბათობით, ორივე გუნდისთვის პრიორტეტულ ფრონტზე, გამარჯვებას გვარდიოლას შეგირდები მიაღწევენ, მაგრამ როდესაც „ბარსელონა" და „რეალი" ერთმანეთს სატიტულო შეხვედრაში უპირისპირდებიან, ტურნირის ნაკლებადპრესტიჟულობაზე საუბარიც ზედმეტია. 2011 წლის ოც აპრილს, როგორც კატალონიური, ასევე მადრიდული კლუბისთვის, სამეფო თასი ესპანეთის ჩემპიონატსა და ჩემპიონთა ლიგაზე წინ იდგა. როგორც მოსალოდნელი იყო, ჟოზე მოურინიომ ფრთხილი ტაქტიკით ამჯობინა თამაში. 4 დღის წინანდელი დაპირისპირების შემდეგ, პორტუგალიელ სპეციალისტს იძულებითი ცვლილების განხორციელებამ მოუწია - დისკვალიფიცირებული ალბიოლის ნაცვლად, დაცვის ცენტრში სერხიო რამოსი თამაშობდა, მარჯვენა ფლანგზე კი, მისი ადგილი არბელოამ დაიკავა. ცვლილება იყო შეტევის ხაზშიც - მოურინიომ ცენტრალური თავდამსხმელის გარეშე გადაწყვიტა თამაში და ქარიმ ბენზემას ნაცვლად, სასტარტო თერთმეტ ფეხბურთელში იოზილი შეიყვანა. ორი ცვლილება მოხდა „ბარსელონას" რიგებშიც. ხანგრძლივი პაუზის შემდეგ დაბრუნებულმა პუიოლმა, წინა „კლასიკოში" ტრავმა მიიღო და დაცვის ცენტრში ნომინალურ ნახევარმცველს, ხავიერ მასკერანოს დაუთმო ადგილი. როგორც მოსალოდნელი იყო, „ბარსას" კარს მე-2 მეკარე, ხოსე მანუელ პინტო იცავდა. გვარდიოლას ოპტიმალურთან მიახლოებული შემადგელობის გამოყვანა და კარში ვალდესის ჩაყენება შეეძლო, მაგრამ კატალონიელმა სპეციალისტმა პინტოსთვის მიცემული პირობის შესრულება ამჯობინა და თასის თამაშში კარის დაცვა კვლავ მას ანდო. ვერავინ იტყვის, რომ ამ მხრივ გვარდიოლამ შეცდომა დაუშვა, რადგან პინტოს თავი ცუდად ნამდვილად არ წარმოუჩენია. გასაკვირი არავისთვის ყოფილა, რომ პირველ ტაიმში, ისევე, როგორც მთელი შეხვედრის განმავლობაში, ბურთს კატალონიელი ფეხბურთელები ფლობდნენ, მაგრამ საწყისმა 45-მა წუთმა, მაინც „რეალის" დიდი უპირატესობით ჩაიარა. მოურინიომ გუნდი მოედანზე ისე განალაგა, რომ „ბარსას" მეტოქის ნახევარზე გადასვლაც კი უჭირდა და თუ ამას მაინც ახერხებდა, მადრიდელებს პატარ-პატარა ჯარიმების ხარჯზე გამოსდიოდათ მეტოქის იერიშების ჩაშლა. რაც შეეხება „რეალის" შემტევებს, მათ არაერთი სახიფათო იერიში მიიტანეს პინტოს კართან, მაგრამ ისიც უნდა აღინიშნოს, რომ დამაგვირგვინებელ ფაზაში, მადრიდელები ხშირად სცოდავდნენ. პირველი ტაიმიდან, ყველაზე მეტად გამოსარჩევია 43-ე წუთზე, პეპეს თავური დარტყმა. იოზილის ფლანგური გადაცემის შემდეგ, ბოლო მატჩებში ნახევარმცველად ქცეულმა პორტუგალიელმა უკანახაზელმა, ბურთი კარის ძელს მოარტყა. რადიკალურად განსხვავებული სცენარით წარიმართა II ტაიმი. ბურთს კვლავ „ბარსა" ფლობდა და კატალონიელები სახიფათო იერიშების განხორციელებასაც ახერხებდნენ, მაგრამ მთელი 45 წუთის განმავლობაში, შეუდარებელი იყო იკერ კასილიასი, რომელმაც მადრიდელები არაერთხელ იხსნა გაშვებული გოლისგან. ერთ-ერთ ეპიზოდში, მესის კარგი გადაცემით მეკარესთან პირისპირ გასულმა პედრომ, გოლიც კი გაიტანა, მაგრამ არბიტრმა სრულიად სამართლიანად, თამაშგარე მდგომარეობა დააფიქსირა. არ შეიძლება, არ აღვნიშნოთ მთელი შეხვედრის განმავლობაში მსაჯების ობიექტური ქმედებები. ესპანური ფეხბურთის უმთავრესი პრობლემა რომ მსაჯობაა, ეს 16 აპრილის „კლასიკოშიც" დამტკიცდა, როდესაც მუნის ფერნანდესმა არაერთი შეცდომა დაუშვა, მაგრამ ამჯერად, არბიტრები ნამდვილად მოწოდების სიმაღლეზე იყვნენ და მათ ერთი ისეთი შეცდომაც კი არ დაუშვიათ, რომელსაც შედეგზე გავლენის მოხდენა შეეძლო. II ტაიმში, „რეალმა" მხოლოდ ერთხელ შეუტია სახიფათოდ, როდესაც დი მარიას ზუსტი დარტყმის შემდეგ, პინტოს მოუწია საკუთარი ოსტატობის გამოვლენა. ვინაიდან „ბარსამ" თავისი უპირატესობა გოლად ვერ გარდასახა, 2003 წლის შემდეგ პირველად, „ელ კლასიკოს" ძირითადი დრო უგოლოდ დასრულდა. გასაკვირი არავისთვის იქნება, თუ ვიტყვით, რომ დამატებით ტაიმებში, თამაშს კვლავ „ბარსელონა" აკონტროლებდა, მაგრამ ისიც უნდა აღინიშნოს, რომ დასკვნით ოცდაათ წუთში, კატალონიელებმა ერთი რეალური სახიფათო იერიშის განხორციელებაც ვერ მოახერხეს. რაც შეეხება „რეალს", მან ორჯერ შეუტია სახიფათოდ და ერთხელ გაიტანა. ორივე შემთხვევაში, პინტოს კარს რონალდუ უქმნიდა საფრთხეს, რომელმაც 103-ე წუთზე, შეხვედრის ერთადერთი გოლი გაიტანა. შეტევის მარცხენა ფლანგზე, დი მარიამ მარსელოსთან ბურთი კარგად გაითამაშა და საჯარიმოში ჩაჰკიდა, სადაც მე-2 სართულზე ბრძოლა ადრიანოს რონალდუმ მოუგო და მოძრაობაზე დაჭერილი პინტოს კარში გოლიც გავიდა. შესაძლოა, II დამატებულმა ტაიმმა, გულშემატკივრებს გასულ წელს, „ბარსელონასა" და „ინტერს" შორის გამართული მატჩი გაახსენა, როდესაც მოურინიოს გუნდი მხოლოდ დაცვაზე ფიქრობდა, მაგრამ პორტუგალიელს ნამდვილად არ გაემტყუნება - საჭირო უპირატესობის მოპოვების შემდეგ, მისმა გუნდმა ის თამაში აჩვენა, რაც „ბარსელონას" შესაჩერებლად ყველაზე ეფექტურია და მიზანმა ამ შემთხვევაშიც გაამართლა საშუალება. შეხვედრის დარჩენილ ნაწილში, გამოსარჩევი იყო მოედნიდან დი მარიას გაძევება. მადრიდელთა არგენტინელმა შემტევმა, მე-2 გაფრთხილება ბოლო წუთზე მიიღო, რაც იმას ნიშნავს, რომ მოურინიოს გუნდმა კვლავ ვერ მოახერხა „ბარსელონასთან" მატჩის სრული შემადგენლობით დასრულება (ასეთი რამ ზედიზედ მეოთხედ მოხდა), მაგრამ ამ შემთხვევაში, პორტუგალიელს ჩივილის მიზეზი ნამდვილად არ აქვს. დრამატული ფინალის 120 წუთის შეჯამების შემდეგ, მივიღებთ, რომ 4 ტაიმიდან, სასურველი სცენარით მოურინომ 3 წარმართა, გვარდიოლამ კი - მხოლოდ ერთი. აქედან გამომდინარე, 18-წლიანი შესვენების შემდეგ, „რეალმა" ნამდვილად ღირსეულად მოიგო ესპანეთის სამეფო თასი, „ბარსელონა" კი, ამჯერად, ღირსეულ მარცხს დასჯერდა.
ბარსელონა-რეალი 0:0 (დ.დ. 0:1) ვალენსია, "მესტალია” ბარსელონა(4-3-3): პინტო, ალვეში, მასკერანო, პიკე, ადრიანო (მაქსველი 120), ბუსკეტსი (კეიტა 108), ხავი, ინიესტა, პედრო, მესი, ვილია (აფელაი 106). მწვრთნელი: ხოსეპ გვარდიოლა რეალი(4-3-3): კასილიასი, არბელოა, რამოსი, კარვალიო (გარაი 120), მარსელო, ხედირა (გრანერო 104), პეპე, ალონსო, იოზილი (ადებაიორი 70), რონალდუ, დი მარია. მწვრთნელი: ჟოზე მოურინიო გოლი: 0:1 რონალდუ (103) გაფრთხილებები: პედრო 34, მესი 64, ადრიანო 118 - პეპე 26, ადებაიორი 74, დი მარია 86 გაძევება: დი მარია 120 მსაჯი: ალბერტო უნდიანო მალიენკო ბურთის ფლობა: 67%-33%, დარტყმა: 10 (4)-12 (6), კუთხური: 12-3, თამაშგარე: 5-8, სეივი: 4-4, ჯარიმა: 24-26. | |
|
| |
| სულ კომენტარები: 0 | |


















